18 მაისი - მუზეუმების საერთაშორისო დღე

  • ევროპის მუზეუმების ღამე - 18 მაისი 2019

  • 2011 წლიდან ICOM ჩართულია ევროპის მუზეუმების ღამის აქციაში, რომელიც აღინიშნება ყოველწლიურად, მუზეუმის საერთაშორისო დღის უახლოეს შაბათს.
     
    2019 წელს მუზეუმების ღამის აქცია გაიმართება 18 მაისს (18 მაისიდან 19 მაისში გარდამავალი ღამე). 
     
    2005 წელს საფრანგეთის კულტურისა და კომუნიკაციების სამინისტროს მიერ დაფუძნებული ეს ღონისძიება მუზეუმებს მოუწოდებს უფასოდ მიიღონ ვიზიტორები ღამის 1:00 საათამდე. 
    ევროპის მუზეუმების ღამის  აქტივობები: საგანმანათლებლო პროგრამები, მარშრუტები, ვორკშოპები, ლექციები, მასტერ-კლასები, ვიდეო-პროექციები, პერფორმანსები, სპეციალური ანიმაციები და სხვა სახის ღონისძიებები, რომელიც ფართო საზოგადოებას უქმნის მუზეუმის გაცნობისა და მასში ჩართულობის შესაძლებლობას. 

    2015 წლიდან  საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს მუზეუმები აქტიურად შეუერთდნენ მუზეუმების ღამის აქციას. ამ დღეს მუზეუმებში ვიზიტი ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის უფასოა

    -----------------------------------------
    აქცია პირველად 1997 წელს მოეწყო ბერლინში სახელწოდებით „მუზეუმების გრძელი ღამე" (Lange Nacht der Museen) 18 მუზეუმის მონაწილეობით. შემდგომში მსგავსი აქციების ჩატარება ტრადიციად იქცა ევროპის 100-ზე მეტ ქალაქში, აგრეთვე მსოფლიოს სხვა კონტინენტების მუზეუმებშიც. დროთა განმავლობაში აქციამ მრავალფეროვანი ხასიათი მიიღო და ფართომასშტაბიან ღონისძიებად იქცა. მაგალითად, ბერლინში მუზეუმების ღამე ყოველწლიურად ორჯერ (ზამთარსა და ზაფხულში) იმართება და ასობით მუზეუმი, არქივი, მემორიალური სახლი, გალერეა და კულტურის სფეროს სხვა დაწესებულებები მრავალრიცხოვან აქტივობას სთავაზობენ სხვადასხვა ასაკის დამთვალიერებელს. მათ შორისაა სპეციალური ტურები, ლექციები, მასტერ-კლასები, კინო-ჩვენებები, კლასიკური და ჯაზური მუსიკის საღამოები, თეატრალური პერფორმანსები და ბევრი ისეთი ღონისძიება, რომელიც, ჩვეულებრივ, მუზეუმის სამუშაო საათებში არ ეწყობა.
     
    მსგავსმა კულტურულმა ღონისძიებებმა იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია, რომ საფრანგეთის კულტურისა და კომუნიკაციების სამინისტრომ 2005 წელს „მუზეუმების ევროპული ღამე“ დააფუძნა, ხოლო 2011 წლიდან ევროპის 40 ქვეყნის 4000-ზე მეტი მუზეუმი ჩაერთო საერთაშორისო სამუზეუმო აქციაში, რომელსაც ორგანიზებას ევროპის საბჭო, UNESCO და ICOM (მუზეუმების საერთაშორისო საბჭო) უწევენ. მუზეუმებისა და სხვა საგამოფენო სივრცეების რესურსებისა და შესაძლებლობების გამოყენებით ამგვარი აქციის მოწყობა მუზეუმების აუდიტორიის გაფართოებასა და მუზეუმის როლის, სამუზეუმო კოლექციებისა და, ზოგადად, სამუზეუმო საქმის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. 
  • ყველა უფლება დაცულია © 2019
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია