გამოფენები

  • პროექტის პრეზენტაცია ”დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის საგანძურის საგამოფენო დარბაზების რეაბილიტაცია” და გამოფენის გახსნა

  • საქართველოს მუზეუმებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს, რომლის პირველსაწყისს ჯერ კიდევ 1840-იან წლებში დაუდო სათავე სამეგრელოს მთავარმა დავით დადიანმა. მუზეუმის ფონდებში ამჟამად დაცულ 41 000-ზე მეტ ექსპონატს შორისაა ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები - მოყოლებული ბრინჯაოს ხანიდან დამთავრებული დადიანების საგვარეულოს მემორიალური რელიქვიებით და ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების საკმაოდ მდიდარი კოლექციით.

    მიუხედავად იმისა, რომ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი ღიაა დამთვალიერებლისათვის, მისი სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის პრობლემების მოგვარების გარდა, აუცილებელია ფონდებში დაცული უნიკალური მასალების გამომზეურება და სათანადოდ ექსპონირება, რათა იგი ხელმისაწვდომი გახდეს სპეციალისტებისა და ფართო საზოგადოებისათვის.

    სწორედ ამ მიზანს ისახავდა პროექტი “დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის საგანძურის საგამოფენო დარბაზების რეაბილიტაცია”, რომელიც შემუშავდა საქართველოს მუზეუმების ასოციაციის მიერ და დაფინანსდა იაპონიის მთავრობის მიერ, საქართველოში იაპონიის საელჩოს მეშვეობით. სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა ააიპ “საქართველოს მემკვიდრეობის” მიერ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ხელშეწყობით.

    პროექტის განხორციელების შედეგად, საზოგადოება პირველად იხილავს თანამედროვე სამუზეუმო ტექნოლოგიით აღჭურვილ სივრცეში ექსპონირებულ საგანძურის (არქეოლოგიური მასალები და X-XIX სს-ის ჭედური ხელოვნების ნიმუშები) იმ ნიმუშებს, რომლებიც დღემდე არასოდეს ყოფილა გამოფენილი.

    გამოფენა გაიხსნება 2011 წლის 30 ნოემბერს, 15 საათზე
    მისამართი: ზუგდიდი, გამსახურდიას გამზირი 2
    ტელ: (+995 415) 5 16 95, 593 240 903, 577 725450 

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია