გამოფენები

  • კავკასიის ფრონტი ნინო ჯორჯაძის ფოტოობიექტივში

  • 2015 წლის 17 ივნისიდან 17 ივლისამდე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეა წარმოგიდგენთ პირველი მსოფლიო ომის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას ,,კავკასიის ფრონტი ნინო ჯორჯაძის ფოტოობიექტივში".
     
    ნინო ჯორჯაძე საქართველოში პირველი ფოტომოყვარული ქალია, რომელმაც შექმნა პირველი მსოფლიო ომის ამსახველი მრავალფეროვანი და თემატურად მდიდარი მატიანე.
    ფოტოგრაფიით გატაცებული ნინო ჯორჯაძე ომის დაწყებისთანავე წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი გახდა და კავკასიის ფრონტიდან პირველმა ასახა ომის მნიშვნელოვანი მოვლენები, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული სამხედრო მოქმედებები, ისტორიული პირები და სხვადასხვა ეთნოგრაფიული ჯგუფი.
     
    გამოფენაზე პირველად იქნება წარმოდეგნილი ნინო ჯორჯაძის მიერ კავკასიის ფრონტზე 1914-1918 წლებში შექმნილი ფოტოსურათები, მისი წერილები, დოკუმენტები, სიგელები, დღიურები და პირადი ნივთები. ასევე, ფოტოსურათები საოჯახო არქივიდან, რომელიც რესტავრირებულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფოტო-ქაღალდის სარესტავრაციო ლაბორატორიის მიერ.
    გამოფენის ფარგლებში ასევე დაგეგმილია წიგნი-ალბომის „ქართველი ქალის თვალით დანახული პირველი მსოფლიო ომი" პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) მხარდაჭერით გამოიცა. წიგნში თავმოყრილია ნინო ჯორჯაძის მიერ კავკასიის ფრონტზე შექმნილი ფოტოსერიები და სხვადასხვა ამონარიდი პირადი დღიურებიდან.
     
    გამოფენის ორგანიზატორები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
     
    პარტნიორი ორგანიზაციები: შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში (SCO); კომპანია ,,ბაგრატიონი ენისელი".
     
    მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.
  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია