გამოფენები

  • ძალაუფლება და პათოსი – ელინისტური სამყაროს ბრინჯაოს ქანდაკებები

  • 2015 წლის 14 მარტს ფლორენციაში, პალაცო სტროციში ლოს ანჯელესის ჟან-პოლ გეტის მუზეუმის, ვაშინგტონის ეროვნული გალერეისა და ტოსკანის მთავარი არქეოლოგიური სამმართველოს ორგანიზებით გაიხსნა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური არქეოლოგიური გამოფენა ,,ძალაუფლება და პათოსიელინისტური სამყაროს ბრინჯაოს ქანდაკებები".
     
    გამოფენაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ეძლევა იხილოს არა მხოლოდ ელინისტური ხელოვნების, არამედ ზოგადად ,,ძველი სამყაროს შედევრებად აღიარებული ნიმუშები" მსოფლიოს ისეთი წამყვანი მუზეუმებიდან, როგორიცაა ბრიტანეთის მუზეუმი, ნიუ იორკის მეტროპოლიტანის ხელოვნების მუზეუმი, ფლორენციის უფიცის გალერეა, ნეაპოლის ნაციონალური არქეოლოგიური მუზეუმი, ათენის ნაციონალური არქეოლოგიური მუზეუმი, პარიზის ლუვრი, ვატიკანის მუზეუმი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ წარმოდგენილია ვანში აღმოჩენილი ბრინაჯოს ჭაბუკის ტორსი (ძვ.წ. II-I საუკუნეები).
     
    საქართველოს ეროვნული მუზეუმის მონაწილეობა გამოფენაში მრავალწლიანი თანამშრომლობის გაგრძელებაა, რომელსაც ის წარმატებით ახორციელებს ჟან-პოლ გეტის მუზეუმთან (თანამშრომლობის პროექტი ითვალისწინებს უძველესი ლითონების სამეცნიერო შესწავლასა და ტექნიკურ კვლევას). გამოფენას 2015 წლის 21 ივნისამდე უმასპინძლებს პალაცო სტროცი, ხოლო შემდეგ, 2016 წლის მარტამდე ვაშინგტონის ეროვნული გალერეა და ჟან-პოლ გეტის მუზეუმი.
     
    მას შემდეგ, რაც 2016 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში დასრულდება ფართომასშტაბიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ბრინჯაოს ჭაბუკის ტორსი უკვე განახლებულ საგამოფენო სივრცეში დაუბრუნდება თავის პირვანდელ ადგილსამყოფელს.
     

    http://www.palazzostrozzi.org/mostre/potere-e-pathos

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია