გამოფენები

  • დიალოგი იმპერატორ ცინთან - ევროკავშირისა და ჩინეთის სკულპტურის გამოფენა

  • წინანდლის მუზეუმი 2008 წლიდან მასპინძლობს სამხატვრო გამოფენებს და მუსიკალურ ღონისძიებებს, რათა ამოავსოს საბჭოთა კავშირის დროს გაჩენილი კულტურული ნაპრალი ქართულ და ევროპულ კულტურასა და ხელოვნებას შორის. მუზეუმში მოეწყო სალვადორ დალის, პაბლო პიკასოს, პიიტ მონდრიანის, ისევე, როგორც სხვადასხვა თაობების ქართველი მხატვრების ელენე ახვლედიანის, ალექსანდრე ბანძელაძის, კარლო კაჭარავას და სხვათა ნამუშევრების გამოფენები. ევროპელი და ჩინელი მოქანდაკეების მიერ 21-ე საუკუნეში შექმნილი ქანდაკებების გამოფენა წინანდალში ქართულ საზოგადოება აზიარებს ევროპის თანამედროვე ქანდაკების ესთეტიკას და აღმოსავლეთის და დასავლეთის დიალოგის თანამონაწილე ხდის.
     
    "დიალოგი იმპერატორ ცინთან" მოძრავი გამოფენაა, რომელიც განასახიერებს იმპერატორ ცინის ტერაკოტის არმიის თანამედროვე განსხეულებას. გამოფენამ,რომელიც 3 წელი მზადდებოდა და მთელი ევროპა მოიცვა, 30 საუკეთესო თანამედროვე ევროპელი და ჩინელი სკულპტორი გააერთიანა. დამთვალიერებელს შეუძლია იხილოს სხვადასხვა მედიასა და ტექნიკაში შესრულებული სკულპტურული კომპოზიციები. 
     
    საქართველო, რომელიც აზიის და ევროპის ისტორიულ, კულტურულ და სავაჭრო გასაყარზე ყოველთვის ეძიებდა - და ზოგჯერ პოულობდა კიდეც - თავის უნიკალურ ადგილს, ის ხიდია, რომელმაც რადიარდ კიპლინგისეული დასავლეთი და აღმოსავლეთი უნდა დააკავშიროს. ეს ხიდი ჰუმანიზმის და ხელოვნების ბურჯებზე უნდა აშენდეს. თანამედროვე მოქანდაკეების ხელით შექმნილი ჩინეთის და ევროპის დიალოგი ზუსტად ერგება ამ მისიას.
     
    იმპერატორ ცინის ტერაკოტის არმია
    8099 ნატურალური მასშტაბის, გამომწვარი თიხის, ტერაკოტისაგან დამზადებული ჯარისკაცების და მათი ცხენების გამოსახულება ჩინეთში, ქალაქ სიანის მახლობლად. პირველი ქანდაკება აღმოაჩინეს 1974 წელს, შემთხვევით, ჭის გათხრისას.
    ტერაკოტის არმია მდებარეობს ცინის დინასტიის იმპერატორ ცინ შიხუანდის საფლავთან ახლოს, რომელიც გარდაიცვალა ძვ. წ. 210 წელს. ცინ შიხუანდის სამარხი კომპლექსი ქალაქ სიანის აღმოსავლეთით, შენსის პროვინციაში მდებარეობს და აშენდა იმპერატორის სასახლის კონსტრუქციის მიხედვით. კომპლექსი შედგებოდა მრავალი სათავსოსაგან, რომლებიც სამარხი ბორცვის გარშემო იყვნენ განლაგებულნი. მავზოლეუმი გარშემორტყმული იყო დატკეპნილი მიწის მტკიცედ ნაშენი კედლით, რომელშიც შესასვლელი კარიბჭეები იყო გაჭრილი. ისტორიკოსი სიმა ციანის (ჩინური ისტორიოგრაფიის მამამთავარი. ძვ.წ. 145-90 წწ.) მიხედვით, ამ მავზოლეუმზე მუშაობა დაიწყო ძვ.წ. 246 წელს, ცინ შიხუანდის ტახტზე ასვლიდან რამდენიმე ხნის შემდეგ (ჯერ კიდევ იმპერატორად გახდომამდე). თავის ყველაზე განთქმულ ნაშრომში "შიჯი" ის წერდა, რომ პირველი იმპერატორი დამარხეს სასახლეებთან, კოშკებთან, ოფიციალურ პირებთან, ძვირფას არტეფაქტებთან და მშვენიერ ნივთებთან ერთად. ამ ნაშრომის მიხედვით, ვერცხლისწყლის მეშვეობით 100 მდინარე იყო იმიტირებული და მათ თავზე ჭერი შემკული იყო ციური სხეულებით. ბოლოდროინდელი სამეცნიერო სამუშაოებისას სამარხი ბორცვის ნიადაგში აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალი, რაც ადასტურებს სიმა ციანის ცნობათა სისწორეს.
     
    იდეის ავტორი და მოძრავი გამოფენის ორგანიზატორი: ბრიუსელში მოქმედი სამხატვრო გალერეა Qu Art, 
     
    გამოფენის სპონსორი: სილქ როუდ ჯგუფი 
    http://inspiringculture.bravehost.com/Sponsors.html
    გამოფენა ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. 
  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია