გამოფენები

  • ნიკო ფიროსმანი 150

  • 08 დეკემბერი 2012 – 30 მარტი 2013

    პირველად ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებს ფართო საზოგადოება 1913 წელს მოსკოვში გამართულ ავანგარდისტების გამოფენაზე გაეცნო. დღეს ფიროსმანი საქვეყნოდ ცნობილი მხატვარია. მისი სახელი დიდი ხანია გასცდა საქართველოს საზღვრებს. გასული საუკუნის დასაწყისიდან ფიროსმანის შემოქმედება არაერთხელ იყო წარმოდგენილი ევროპისა და აზიის ქვეყნებში, მათ შორის უკრაინის, პოლონეთის, რუსეთის, უნგრეთის, ლიტვის, ბელორუსიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, ჰოლანდიის, ინგლისის, ესპანეთის, თურქეთისა და სხვა ქვეყნების დედაქალაქების საგამოფენი სივრცეებში.


    გასული საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ "ფიროსმანი 150" ყველაზე ფართომასშტაბიანი გამოფენაა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში არსებული მხატვრის ნამუშევრების კოლექციისა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ფონდებში დაცული ნიკო ფიროსმანის 108 ნამუშევარი.

    ნამუშევრებთან ერთად, დამთვალიერებელი გაეცნობა უნიკალურ ფოტომასალას, სადაც ნაჩვენები იქნება ფიროსმანის თანამედროვე თბილისი, ის ქუჩები, სადაც მხატვარი ხშირად დადიოდა, სცენები, რომელსაც ხატავდა. ასევე, წარმოდგენილი იქნება საინფორმაციო და საპრეზენტაციო ხასიათის ვიდეომასალა.

    ფიროსმანთან ერთად გამოფენა მასპინძლობს იმ თაობის ქართველი მხატვრების ნამუშევრებს, რომელთაც ფიროსმანის მსგავსად, საკუთარი შემოქმედებით ევროპული მოდერნიზმის პრობლემატიკის გააზრება დაიწყეს: დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი, დიმიტრი შევარდნაძე, ელენე ახვლედიანი, ქეთევან მაღალაშვილი, შალვა ქიქოძე და კირილე ზდანევიჩი.

    გამოფენას თან ახლავს მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამები, რომლის ფარგლებში, ეროვნულ გალერეაში ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია და სხვა ქართველი მეცნიერები გამართავენ საჯარო ლექციებს ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. აგრეთვე, საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში შედგება შეხვედრა რეჟისორ გიორგი შენგელაიასთან.

    აღსანიშნავია, რომ ნიკო ფიროსმანის შემოქმედების ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის გათვალისწინებით, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 36-ე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ნიკო ფიროსმანის დაბადებიდან 150 წლის იუბილე შეტანილია იმ ღონისძიებათა ნუსხაში, რომლის აღნიშვნაშიც 2012-13 წწ. UNESCO მიიღებს მონაწილეობას.

    საიუბილეო გამოფენას თან ერთვის კატალოგი.

    მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, რუსთაველის გამზ. 11.

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია