ტრენინგები

  • პროექტი BE MUSEUMER: საერთაშორისო ტრენინგი სამუზეუმო განათლების საკითხებზე

  • განაცხადების მიღება!
     






    პროექტის შესახებ
    ევროკავშირის პროგრამის შემოქმედებითი ევროპის კონკურსში გამარჯვებული პროექტი  Be Museumer შემუშავდა საქართველოს მუზეუმების ასოციაციის მიერ და ხორციელდება ევროპის ორ პარტნიორ ორგანიზაციასთან (NEMO-ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელი და ნიდერლანდების კულტურის მენეჯმენტის აკადემია) თანამშრომლობით. პროექტი მოიცავს საერთაშორისო ტრენინგ-პროგრამას სამხრეთ კავკასიის რეგიონის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) მუზეუმების თანამშრომელთათვის. პროგრამა მიზნად ისახავს მონაწილეთა ცოდნისა და მენეჯმენტის უნარების განვითარებას 21-ე საუკუნის სამუზეუმო გამოწვევების საპასუხოდ.
    პროექტის მიხედვით დაგეგმილია 14 ტრენინგისა და 7 ვებინარის ორგანიზება სამუზეუმო სფეროს სხვადასხვა საკვანძო საკითხზე.  პროგრამის მონაწილეთა სწავლებას უზრუნველყოფენ წამყვანი ევროპელი ექსპერტები პარტნიორი ორგანიზაციებიდან.
    ვრცლად პროგრამის შესახებ იხ. ბმული
     
    ტრენინგ-პროგრამის თითოეულ კომპონენტზე სააპლიკაციო განაცხადები მიიღება ცალ-ცალკე. 
     

    საერთაშორისო ტრენინგი სამუზეუმო განათლების საკითხებზე 

    საერთაშორისო ტრენინგ-პროგრამის Be Museumer ფარგლებში პირველი ტრენინგი სამუზეუმო განათლების როლის, ფასეულობების, თანამედროვე ტენდენციებისა და გამოწვევების საკითხებზე ჩატარდება თბილისში 2019 წლის 27 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით. 

    ტრენინგს გაუძღვება ექსპერტი მარგერიტა სანი - ემილია-რომანიას რეგიონის (იტალია) კულტურული მემკვიდრეობის ინსტიტუტის სამუზეუმო პროექტების მენეჯერი,  NEMO-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრი,  ევროპის სამუზეუმო აკადემიის ექსპერტი და ICOM/ICTOP-ის წევრი. 
     
    ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან და შეისწავლიან სამუზეუმო განათლების საფუძვლებს, არაფორმალური განათლების როლსა და ფუნქციებს, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის პრინციპებსა და საზოგადოებრივი ჩართულობის მიმართულებებს, სამუზეუმო განათლების ევროპულ გამოცდილებას და პერსპექტივებს. 
    ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეთათვის დამატებით ჩატარდება ონლაინ-კურსი/ვებინარი სამუზეუმო განათლების საკითხებზე.
    ტრენინგი და ვებინარი  ჩატარდება ინგლისურ ენაზე. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები. 
     
    მონაწილეობა 
    ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამხრეთ კავკასიის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) მუზეუმების თანამშრომლებს. კერძოდ, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი პროგრამების მენეჯერებს, კურატორებს და სპეციალისტებს. ტრენინგში მონაწილეობის მიღების მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:
    • ასაკი: 23-დან 40 წლამდე 
    • მუზეუმში მუშაობის  მინიმუმ 2- 3 წლის გამოცდილება
    • ინგლისური ენის ცოდნა 
    ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა (იხ. ბმული), ამავდროულად გამოგზავნონ ელ-ფოსტაზე bemuseumer@gmail.com ინგლისურ ენაზე შევსებულ შემდეგი დოკუმენტაცია:  
    • CV (მაქს. 2 გვერდი)
    • სამოტივაციო წერილი (მაქს. 1 გვერდი), რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას აპლიკანტის მუზეუმში საქმიანობასა და მოვალეობებზე, განხორციელებულ პროექტებზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში),  ტრენინგისგან მოლოდინებსა და სამომავლო მიზნებზე. 
    განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 8 თებერვალი, 18.00 სთ. 
     
    მონაწილეთა სააპლიკაციო განაცხადები განხილული იქნება კონკურსის წესით პროექტის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ, რომელიც შედგება ქართველი, გერმანელი და ჰოლანდიელი ექსპერტებისაგან. შერჩეულ კანდიდატებს შედეგები ეცნობებათ 2019 წლის 14 თებერვალს*.
    ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევა 18 აპლიკანტი. 

    *შესწორება: აპლიკანტებს საბოლოო შედეგები ეცნობებათ 2019 წლის 15 თებერვალს.







     
  • ყველა უფლება დაცულია © 2019
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია