ტრენინგები

  • მე-7 რეგიონული ვორქშოპი "ინკლუზიური პროგრამები მუზეუმებში - ინკლუზიური მუზეუმი"

  • 2017 წლის 24-26 ივნისს ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ორგანიზებით და ICOM-ის აზერბაიჯანისა და სომხეთის ეროვნულ კომიტეტებთან თანამშრომლობით ჩატარდა რეგიონული ვორქშოპი თემაზე "ინკლუზიური პროგრამები მუზეუმებში - ინკლუზიური მუზეუმი". პროექტი განხორციელდა საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის თანაორგანიზებით.
    ვორქშოპის თემა შერჩეული იქნა სამხრეთ კავკასიის  მუზეუმებში ჩატარებული ანალიზის საფუძველზე. 
    ფართო გაგებით ცნებები - ინკლუზიურობა და არაინკლუზიურობა - არსებითი და კრიტიკული საკითხია და ხშირ შემთხვევაში არასწორად აღქმულია რეგიონის ბევრ მუზეუმში. ამ მიმართულების სწორად აღქმისა და განვითარების მიზნით ICOM საქართველოს მიერ ICOM-ის აზერბაიჯანისა და სომხეთის ეროვნულ კომიტეტებთან თანამშრომლობით შემუშავდა მე-7 რეგიონული ვორქშოპის პროექტი ინკლუზიური მუზეუმის საკითხებზე. 
    ვორქშოპით გათვალისწინებული სწავლება ჩატარდა პროფ. მარი კლარტე ონილის (ლუვრის საგანმანათლებლო სკოლის პროფესორი, CECA (ICOM-ის სამუზეუმო განათლებისა და კულტურის აქციების კომიტეტი) ექსპერტი) ხელმძღვანელობით. 
    ვორქშოპში მონაწილეობა მიიღეს სამუზეუმო განათლების, გამოფენებისა და განვითარების მენეჯერებმა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებმა და მეცნიერებმა საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის მუზეუმებისა და ბრიტანეთის უნივერსიტეტიდან. 
    ვორქშოპის სესიები მოიცავდა შემდეგ თემებს: ინკლუზიურობის პრინციპები მუზეუმებში, არაინკლუზიური მუზეუმი, ინკლუზიური მუზეუმები და გამოფენები, ინკლუზიურობის თანამედროვეობასთან ადაპტირებული პრინციპები, 
    CECA-ს საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა და სხვ. 
    ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები საკუთარი მუზეუმებში არაინკლუზიურობისა და ინკლუზიურობის მაგალითებზე, აგრეთვე მონაწილეთაგან შედგა ექვსი სამუშაო ჯგუფი, რომელთაც იმუშავეს წინასწარ შერჩეულ ექსპოზიციებზე (ქართული არქეოლოგია და ეთნოგრაფია) საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. შედეგად სამუშაო ჯგუფებმა ვორქშოპის სესიებზე წარმოადგინეს პრეზენტაციები ინკლუზიურობის საკითხებზე - ფიზიკური, ინტელექტუალური, სოციალური და კულტურის კრიტერიუმიების გათვალისწინებით.
    ვორქშოპის ჩატარებამ კიდევ ერთხელ ცხადყო მსგავსი სწავლების ციკლის განსაკუთრებული საჭიროება და კიდევ ერთხელ გამოავლინა მუზეუმების მნიშვნელოვანი პოტენციალი ყველა ტიპის აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიურობის საკითხებში. 

    ვორქშოპის პროექტი დაფინანსდა ICOM-ის 2017 წლის პროგრამის Support to the ICOM Network ფარგლებში
    ვორკშოპის ფოტო-ალბომი
  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია